ინტელიგენციისა და ბრბოს ფიზიკური ერთობა რეჟიმებს შობს

ვაგრძელებთ რუბრიკას – “წიგნები თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალური ბიბლიოთეკიდან. მორიგი წიგნი, რომელზედაც ვისაუბრებთ არის მეოცე საუკუნის რუსული და მსოფლიო ლიტერატურის გამორჩეული წარმომადგენლის, მიხეილ ბულგაკოვის „ძაღლის გული“.
მიხეილ ბულგაკოვი (1891 – 1940) დიდი რუსი მწერალი, რომანისტი და დრამატურგი. დაიბადა ქალაქ კიევში რუსი მშობლების ოჯახში (მამა – აფანასი ბულგაკოვი, კიევის სასულიერო აკადემიის დოცენტი; დედა – ვარვარა პროკოვსკაია). 1916 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. რუსეთის სამოქალაქო ომის დროს იყო სამხედრო ექიმი. 1921 წლიდან დასახლდა მოსკოვში, სადაც დაიწყო აქტიური ლიტერატურული მოღვაწეობა.
მიხეილ ბულგაკოვი არასოდეს უჭერდა მხარს ბოლშევიკურ რევოლუციას. ბევრ თავის ლიტერატურულ ნაშრომში მძაფრი სატირის გამოყენებით დასცინოდა და აკრიტიკებდა არსებულ საბჭოთა რეჟიმს. ამიტომ საბჭოთა კავშირში 1930-იანი წლებიდან მისი ნაწარმოებების უმრავლესობა აიკრძალა, ან სულაც გამოუქვეყვებელი დარჩა ათწლეულების მანძილზე. ბულგაკოვი წლების მანძილზე უშედეგოდ ცდილობდა დაეტოვებინა საბჭოთა კავშირი.
1930-1936 წლებში მუშაობდა მოსკოვის სამხატრო აკადემიურ თეატრში რეჟისორის ასისტენტად. 1936 წლიდან დიდ თეატრში ლიბრეტისტად და თარჯიმნად.
გარდაიცვალა 1940 წელს თირკმელების დაავადებით.
1928 წელს ბულგაკოვი იმყოფებოდა საქართველოში. მოინახულა ქალაქები თბილისი და ბათუმი.
ბულგაკოვის პირველი ლიტერატურული ნაწარმოებები თარიღდება ადრეული 20-იან წელებით. (1925). სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა რომანზე ”ოსტატი და მარგარიტა”.
ბულგაკოვის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს „წითელი რეჟიმის“ თემას. ახალგამომცხვარი დიქტატურის კრიტიკითა და მძაფრი სატირითაა გამსჭვალული მოთხრობა „ძაღლის გული“, სადაც იშვიათი სიზუსტითაა დანახული რეჟიმის დაბადების რეალური მიზეზები და მომავალი. მოთხრობა, რომელიც 1927 წელს დაიწერა დღის სინათლე 60 წლის შემდეგ, 1987 წელს იხილა.
ლიტერატურათმცოდნეთა საყოველთაო აღიარებით მ. ბულგაკოვის მოთხრობა „ძაღლის გული” კლასიკური ლიტერატურული გროტესკია, ვინაიდან მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ნიშან-თვისება, რომელიც ნიშანდობლივია ლიტერატურული გროტესკის ჟანრისათვის. „ძაღლის გულში” უხვად არის წარმოდგენილი სატირული და ფანტასმაგორიული სურათები. მაგ., მოთხრობა იწყება ძაღლის აშკარად ფანტასმაგორიული შინაგანი მონოლოგით, რომელშიც იგი წყევლის 20-იანი წლების მოსკოვში თავის ძაღლურ ცხოვრებას. ამ მონოლოგში ყურადღებას იქცევს მოსკოვური ჭორების, საინტერესო წვრილმანების ცოდნა, დაკვირვების უნარი, სიტყვის ვირტუოზულობა. რა თქმა უნდა, ყველაფერ ამას ხედავს და წერს მწერალი მიხეილ ბულგაკოვი, მაგრამ გაწვდის ძაღლის მონოლოგის სახით, რაც, თავის მხრივ, ფანტასმაგორიას წარმოადგენს. მონოლოგში ძაღლი წარმოდგენილია ნიჭიერ, ენამწარე, იუმორის გრძნობით აღსავსე არსებად. იგი უთუოდ იწვევს თანაგრძნობასა და სიმპათიას. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ „ეს შეუძლებელია!” – სწორედ ეს არის ლიტერატურული გროტესკის უმთავრესი რომელიც, თავის მხრივ, ასევე გროტესკის ნიმუშს წარმოადგენს. მოთხრობაში მწერალი “აჩვევს” მკითხველს ინტელექტუალური თამაშის ფანტასმაგორიულ წესებს, რის შედეგადაც მას უკვე აღარ უკვირს გაადამიანებული „ევგრაფ ევგრაფის ძე შარიკოვის” შემდგომი ცხოვრება და თავგადასავლები. (http://www.spekali.tsu.ge/index.php/ge/article/viewArticle/3/29 აბსურდის პრობლემა ლიტერატურულ გროტესკში).
მოთხრობის მთავარი გმირი პროფესორი პრეობრაჟენსკი ატარებს მეტად უცნაურ ექსპერიმენტს-ოპერაციას ძაღლის თავის ტვინში გარდაცვლილი ლოთის – კლიმ ჩუგუნოვის ჰიპოფიზის ტრანსპლანტაციას. მიხეილ ბულგაკოვი, პროფესიით ექიმი, დეტალურად აღწერს ამ ოპერაციას, რათა მკითხველს სინამდვილის ილუზია შეუქმნას. ძაღლის გაადამიანურობის პროცესი აღწერილია პრეობრაჟენსკის თანაშემწის, ექიმ ბორმენტალის, დღიურში.
ოპერაციის შედეგად სამყაროს ახალი ქმნილება მოევლინა (რეალურად კი ახალი რეჟიმი ლ.ღ.) რომელშიც ძაღლური თვისებები ჯერ კიდევ მძლავრადაა და არაიშვიათად ავლენს მას. „როდის შეძლებთ, ეს ხულიგანი ადამიანად აქციოთ? ეკითხება პროფესორს თანაშემწე ბორმენტალი“. ბულგაკოვი ირიბად გვეუბნება, რომ 1917 წლის რევოლუციის შემოქმედნი ინტელიგენცია და ბრბო არის. რომელიც პროფესორ პრეობრაჟენსკისა და პროლეტარ-დილეტანტის შვონდერის სახით არიან წარმოდგენილი. 1917 წელს ინტელიგენციამ პროლეტართა თავის ტვინზე ჩაატარა ოპერაცია – რევოლუცია და მივიღეთ „საბჭოთა კომუნიზმი“, რომელიც შარიკოვის მსგავსად აგრესიული ბუნების მქონე პროლეტარია.
კვაზი ადამიანი შარიკოვი (მან გვარად ძაღლობისდროინდელი სახელი – თვისებები იმემკვიდრა), როგორც „ახალი ადამიანს“ და სრულფასოვან მოქალაქეს შეეფერება ითხოვს ქალაქში ჩაწერას. დოსტოევსკის მსგავსად ბულგაკოვიც გვეუბნება, რომ საბჭოთა რეჟიმი – კომუნიზმი არ არის რუსული ფენომენი, ის მხოლოდ ეხლა ფუძნდება მისთვის უცხო ნიადაგზე.
საბჭოთა რეჟიმის შექმნაში მონაწილეთა დიდი ნაწილი „წითლებმა“ გარკვეული პერიოდის შემდეგ მათთვის ჩვეული მეთოდებით- დახვრეტითა და გადასახლებით ჩამოიშორეს. მსგავსი შიში აწუხებთ პროფესორსა და მის თანაშემწე ბორმენტალს. თანაშემწე ამბობს, რომ მამამისი ვილნოში სასამართლოს გამომძიებელი ყოფილა, რაც საკმარისი მიზეზი იყო მისი რეპრესირებისათვის. მსგავს ბედქვეშაა პროფესორიც, რომლის მამაც საკათედრო ტაძრის დეკანოზი იყო.
პროფესორი და ასისტენტი ანუ ინტელიგენცია (ჯანსაღი და არა ფსევდო) გააცნობიერებს ახალი სისტემის სრულ სიმახინჯეს და მისგან მომდინარე საშიშროებას „შარიკოვს“ ისევ ქუჩის მაწანწალა ძაღლად აქცევს.
მწერალი მოთხრობაში განსაკუთრებით ხშირად იყენებს უარყოფით კონტექსტში წითელ ფერს და არაერთგზის პირდაპირ და ირიბად თქმულით ამხელს სისტემას. – „მინა ბზრიალ-ბზრიალით ჩამოიფშვნა, მოწითალო საზიზღარი სითხით სავსე მუცელგაბერილი ქილა თაროდან გადმოხტა, სითხემ იატაკი უმალ დაფარა და იქაურობა აამყრალა“.
ბულგაკოვი პროფესორის პირით ღიად ამბობს, რომ მას 1917 წლის 13 აპრილს კალოშები მოპარეს, რომელიც ახლა პროლეტარიატს აცვია. ამ შემთხვევაში მხატვრული დრო ემთხვევა ისტორიულ დროს – ბოლშევიკების ლიდერმა ვლადიმერ ლენინმა თავისი ნაშრომი “აპრილის თეზისები” 1917 წლის 7 აპრილს (სხვა ვერსიით 13 აპრილს) გამოაქვეყნა”. ამ 10-პუნქტიან დოკუმენტში, რომელიც შემდგომ ბოლშევიკური პარტიის სამოქმედო პროგრამად და რევოლუციისათვის სამზადისად გადაიქცა, საკვანძო პუნქტებად მასებთან ახსნა-განმარტებითი მუშაობა, არმიისა და პოლიციის ნეიტრალიზება და მთელი ხელისუფლების საბჭოებისათვის გადაცემა იყო დასახელებული.
ყოველი სისტემა, რომლის შექმნაშიც ინტელიგენცია და ბრბო (გასეტის გაგებით, ხალხის მასა რომელიც დამოუკიდებლად ვერ აზროვნებს, ღირებულებას ვერ ქმნის) ერთიანდება, როგორც წარსულმა დაგვანახა ხშირად საშიშ რეჟიმად ყალიბდება.
მოთხრობის ეკრანიზაცია: ფილმი http://www.imovies.ge/movies/3852

დატოვე კომენტარი

Filed under ზოგადი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s