კნუტ ჰამსუნი მსოფლიო ლიტერატურის ბრწყინვალე წარმომადგენელი, ავტორი ყველასთვის ნაცნობი ნაწარმოებებისა „მისტერიები“, „შიმშილი“, „პანი“, „ვიქტორია“, „მიწის მადლი“, ვისზედაც თომას მანმა თქვა: „არასოდეს მიუნიჭებიათ ნობელის პრემია სხვა, ვინმე უფრო ღირსეულისთვის, ვიდრე კნუტ ჰამსუნია“ დაიბადა 1859 წლის 4 აგვისტოს ჩრდილოეთ ნორვეგიაში, სოფელ ჰამსუნდში ხელმოკლე გლეხის ოჯახში. ჰამსუნი მისი ფსევდონიმია, მწერალმა იგი აიღო სოფელ ჰამსუნდის სახელწოდებიდან. მწერლის ნამდვილი გვარია პედერსენი. ახალგაზრდა მწერალი ბედის საძებრად 1881 წელს მიემგზავრება ამერიკაში, სადაც ლუკმაპურის ძიებაში არაერთ პროფესიას იცვლის – იყო მტვირთავი, მიწისმთხრელი, ქვისმთლელი და სხვ. მოიარა ევროპის ქვეყნები, მეორედ მიემგზავრება ამერიკაში და 1886 წელს საბოლოოდ ბრუნდება სამშობლოში. 1918 წელს სამუდამოდ მკვიდრდება დაბა ნორჰოლდში. სადაც გარდაიცვალა კიდეც 1952 წლის 19 ნოემბერს.
1920 წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ნორვეგიელი მწერლისთვის. ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებით კნუტ ჰამსუნს ნობელის პრემია მიენიჭა.
კნუტ ჰამსუნის ნაწარმოებები ძალიან პოპულარული იყო რუსეთსა და საქართველოში. მაგრამ მას შემდეგ, რაც მწერალმა ღიად გამოხატა ნაციზმისადმი (ფაშისტური გემანიისადმი) მხარდაჭერა ჰამსუნის სახელსა და დიად წიგნებს საბჭოთა კავშირში ჩრდილი მიადგა და აიკრძალა. “ფაშისტურმა გერმანიამ 1941 წელს მოახდინა ნორვეგიის ოკუპაცია და იქ ჰიტლერმა თავის წარმომადგენლად დანიშნა კვისლინგი. კნუტ ჰამსუნი კმაყოფილებით შეხვდა სამშობლოს დამოუკიდებლობის გაუქმებას და კვისლინგთანაც მალე გამონახა საერთო ენა. კ. ჰამსუნის არაერთგზის კაპიტულიანტურ გამოსვლას გერმანიის დასაცავად მსოფლიო საზოგადოებრივი აზრი აღშფოთებით შეხვდა. 1941 წელს გაზეთი „პრავდა“ ასე გამოეხმაურა კ. ჰამსუნის იმ პერიოდის ერთ-ერთ სტატიას: „კნუტ ჰამსუნი ცოცხლად ლპება. ოსლო, 24 იანვარი (საკდესი). დღეს პრესის დირექტორატის, სატახტო ქალაქის ყველა გაზეთმა დაბეჭდა კნუტ ჰამსუნის ინტერვიუ. ჰამსუნმა განაცხადა: „ნუ მეკითხებით ნორვეგიაში არსებულ განწყობილებაზე. ამაზე პასუხს არ გაგცემთ. მე ყური მოვკარი, რომ ზოგიერთნი ძალზე უკმაყოფილონი არიან ნორვეგიაში გერმანული მმართველობით. ზოგ ჩვენთაგანს, ნორვეგიელს, სწადია გმირად იქცეს, ზოგს უნდა მოწამებრივი გვირგვინი დაიდგას. მე გავიგონე ამ ფსიქიატრზე (იგულისხმება ექიმი შარფენბეოგი), რომელიც გამოდის ჩვენი ახალი სახელმწიფოებრივი მმართველობის წინააღმდეგ, ამტკიცებს, თითქოს იგი არ შეესაბამება ნორვეგიის კონსტიტუტუციას. მაგრამ კანონი განა წინ უსწრებს ცხოვრებას? არა ცხოვრება ცვლის კანონებს. გავიხსენოთ 1905 წელი. მაშინაც იყვნენ გმირები, რომლებიც პროტესტს აცხადებდნენ მოვლენათა განვითარების წინააღმდეგ. მათი პროტესტები ყურად არ იღეს, ცხოვრება კი თავისი გზით მიდიოდა, საკითხების ზედაპირული განხილვა და შუა გზაზე შეჩერება არ შეეფერება ახალ გერმანიას. ჩვენ უნდა შევურიგდეთ ახალ ვითარებას. ეს არა მარტო ჭკვიანურია, არამედ ამაშია ერთადერთი ხსნა ნორვეგიისა“. შეეხო რა თანამედროვე ნორვეგიულ ხელოვნებას, ჰამსუნმა განაცხადა: „წინათ ჩვენგან მოითხოვდნენ, რომ გვეზრუნა მუშურ პოეზიაზე, რომ ჩვენ ყველანი კომუნისტები ვყოფილიყავით. თუ არ ეკუთვნი ამ ჯგუფს, მაშინ შენ მხურვალედ დაგიწყებენ ყურებას, გაგრიყავენ. მწერლებმა ბევრი მსხვერპლი გაიღეს, რომ თავიანთი პოზიციები არ დაეთმოთ. ამას წინათ აქ ხოტბას ასხამდნენ ორ ახალგაზრდა მხატვარს, რომ ისინი შესანიშნავად, კომუნისტურად ხატავენ, თანაც ამას აკეთებენ თითქოსდა პროლეტარიატის სასარგებლოდ. შეიძლება ეს მხატვრები დიდი შემოქმედნი გახდნენ, მაგრამ ამისთვის საჭიროა ბევრი მუშაობა. კეთილმოსურნეობითი აგიტაციური ლაყბობა ხელოვნებაზე ვერ გახდის მათ დიდ მხატვრებად. მე მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ჩვენს ახალ ნორვეგიულ ხელოვნებაში ახლა შემიძლია ვიპოვო კვალი ჭაბუკური ოცნებებისა: მცირეოდენი რამ გაზაფხულის ღამეზე, მცირეოდენი ღმერთზე და მცირეოდენი შუბერტზე, პირველი შეხვედრის სიხარულზე, ზამბახებზე“(ა. გაწერელია; ჰამსუნი და საქართველო).
კნუტ ჰამსუნი ჰიტლერის ერთგული დარჩა მიუხედავად ფაშისტური გერმანიის დამარცხებისა, იგი სამშობლოს მოღალატედ იქნა აღიარებული და გასამართლებული. დიდი მწერალი ასაკმა იხსნა სამარცხვინო პატიმრობისაგან.
აღსანიშნავია, რომ დიდ ქართველ რეჟისორ კოტე მარჯანიშვილსა და ჰამსუნს პირადი და შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებდათ. ასევე ძალიან საინტერესოა ლადო ჯაფარიძის მოგონება კნუტ ჰამსუნზე: „1935 წელს გრიშამ (გრიგოლ ჯაფარიძე – ცნობილი ლიტერატორი) ხელი მოჰკიდა ჰამსუნის ერთ ერთი შედევრის “პან”-ის ქართულ ენაზე თარგმნას. ამასთან დაკავშირებით, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტა წერილი გაეგზავნა საყვარელი მწერლისათვის, რათა ახლა მაინც აესრულებინა თავისი დიდი ხნის სურვილი და მისწერა კიდეც.
გრიშამ მის მიერ რუსულად დაწერილი ბარათი თავის ერთ უნივერსიტეტელ მეგობარს გადაათარგმნინა გერმანულ ენაზე, მერე ლამაზი ხელით სუფთად გადაწერა და ფრთხილად ჩადო კონვერტში. წერილს თან „ვეფხისტყაოსნის” ახალი ეგზემპლარი დაურთო და ნორვეგიაში გაგზავნა.
გრიშას წერილი ასეთი იყო:
„უღრმესად პატივცემულო დიდო ხელოვანო ბატონო ჰამსუნ! თითქმის ყოველდღე მიხდება მე იმ სასტუმრო „ლონდონის” წინ გავლა, რომელშიც თქვენ გაგიტარებიათ რამდენიმე დღე თბილისში ყოფნის დროს და ყოველი გავლისას ცხოვლად წარმომიდგება ხოლმე თვალწინ მომენტები თქვენი დაუვიწყარი მხატვრული პერსონაჟების ცხოვრებიდან; ამ დროს მე ხშირად მეუფლება ხოლმე სურვილი გამოგეხმაუროთ აქედან და მოგაწოდოთ ჩემი უგულითადესი, გულიდან ამოღებული სალამი, დიდო ჰამსუნ – საყვარელთა შორის უსაყვარლესო პოეტო.
მინდა გაგახსენოთ თბილისი და საზოგადოდ საქართველო, რომელსაც თქვენ ჯერ კიდევ იმ დროს უყვარდით, როცა მისი ცის ქვეშ დაიარებოდით შორეული ნორვეგიიდან ჩამოსული ახალგაზრდა სტუმარი.
გულწრფელი სიყვარულის ნიშნად ამ წერილთან ერთად საჩუქრად გიგზავნით ქართველი კაცისათვის ყველაზე უფრო საყვარელ წიგნს – XII საუკუნის დიდი ქართველი პოეტის – რუსთაველის პოემას.
დავიწყე თქვენი რომანის „პან”-ის თარგმნა და ვითხოვ თქვენს ნებართვას ამ რომანისა და სხვა თქვენი ნაწერების თარგმნაზე, რომელთა შესრულება უახლოეს მომავალში მაქვს განზრახული. თქვენი რამდენიმე ნაწარმოები ახმაურდება საქართველოში, როგორც თქვენი პოეზიის ულამაზესი ნაწყვეტი და უძვირფასესი რელიქვია, აგრეთვე, როგორც თქვენი სალამი ჩვენს ძველ რაინდს – რუსთაველს, რომელიც საუკუნეებით დაშორებულია ჩვენგან.
მინდა მჯეროდეს, რომ მე და ჩემს მეგობრებს გვეღირსება სახსოვრად მივიღოთ თქვენი რომელიმე წიგნი ან პორტრეტი. მე მას წავიღებ სასტუმრო „ლონდონში” ან მოპირდაპირე ბაღში და გავახსენებ ოდესღაც თქვენი იქ ყოფნის დღეებს.
იცოცხლეთ დიდხანს და იყავით ჯანმრთელად, დიდო ჰამსუნ, და იმ მრავალმილიონიან თქვენს მკითხველთა შორის, რომელთაც უყვარხართ და ეყვარებით მუდამ მომავალშიც, საუკუნეების მანძილზე, გთხოვთ მიგულოთ მეც – თქვენი ერთგული პატივისმცემელი გრიგოლ ჯაფარიძე, რომელიც მოელის თქვენგან ჩემი წერილისა და წიგნის მიღების რაიმე დამადასტურებელ ნიშანს.
კავკასია. თბილისი. ორბელიანის ქუჩა, 36.
1935 წლის ნოემბერი.”
მალე გრიშამ ნორვეგიიდან ერთი მოზრდილი კონვერტი მიიღო და გულის ფანცქალით გახსნა. იგი მადლობის აღმნიშვნელი ოფიციალური წერილი ეგონა, როგორიც იციან ხოლმე დიდმა ადამიანებმა ასეთ შემთხვევაში, – და რა გახარებული და ფრთაშესხმული იყო, როცა კონვერტში მწერლის პორტრეტი აღმოჩნდა მისივე ავტოგრაფით.
ეს იყო კნუტ ჰამსუნის მიერ გერმანულ ენაზე დაწერილი და მარგალიტის მძივებად ასხმული სიტყვები:
„გრიგოლ ჯაფარიძეს მადლობით მისი უთავაზიანესი წერილისათვის, ნორჰელმი, 16 დეკემბერი, 1935, კნუტ ჰამსუნი”…
შორეული ქვეყნიდან მიღებული ძვირფასი ნობათი გრიშამ თავისი სურვილების კეთილ დაგვირგვინებად მიიჩნია.
გრიშას მიერ კნუტ ჰამსუნთან გაგზავნილი წერილი და „ვეფხისტყაოსანი”, ალბათ, გამოფენილი იქნება მწერლის მემორიალურ მუზეუმში ნორვეგიაში“.
საქართველოში სტუმრად არაერთი ცნობილი მწერალი ჩამოსულა, მათ შორის ნობელიანტებიც, მაგრამ ჰამსუნის ბადალი არცერთი. საქართველოზე და ქართველებზე ბევრ უცხოელს დაუწერია, მაგრამ დიდი მწერლის ჩანაწერები ერთიორად ფასეულია.
კნუტ ჰამსუნი რუსეთის გავლით შემოვიდა საქართველოში (იმყოფებოდა თბილისში, მცხეთასა და ბათუმში). მოგზაურობისას მიღებული შთაბეჭდილებების შედეგად შექმნა ორი ნაწარმოები – „ზღაპრული ქვეყანა“ და „დედოფალი თამარი“. ორივე ნაწარმოები 1903 წელს დანიასა და გერმანიაში გამოიცა.
„ზღაპრული ქვეყანა“ უცნაური ფორმისა და შინაარსის ნაწარმოებია, შეუძლებელია, იგი კონკრეტულ ჟანრს ან თემატიკას მივაკუთვნოთ. იგი დაუსრულებლად იშლება დროსა და სივრცეში: ერთმანეთს ერწყმის სათავგადასავლო, დეტექტიური, ავტობიოგრაფიული, ეთნოგრაფიული, ლიტერატურული ხაზი, რეალობა და ზღაპარი; ტურისტული ჩანაწერებისა და დღიურის „სქემატურ“ სტილს, არასრულ აღწერებს, მწერლის მოგონებები, ღრმა დაკვირვებები და უზადო ლირიზმი, პირადი განცდების, განწყობათა კონტრასტული გამა ენაცვლება. ყოველივე ეს ნაწარმოების წყვეტილ, იმპრესიონისტულ და კინემატოგრაფიულ სტილს განაპირობებს“ (ო. ჟღენტი. წინასიტყვაობა წიგნიდან: კ. ჰამსუნი, „განცდილი და ნაფიქრალი კავკასიაში“). კავკასიაში გამგზავრებამდე ჰამსუნი უამრავ მასალას გაცნობია ამ მხარის შესახებ. „სექტემბრის დამდეგია და აი, პეტერბურგში ვართ. გადავწყვიტე ვისარგებლო მთავრობის სტიპენდიით და კავკასიაში გავემგზავროთ (ჰამსუნი მეუღლე ბერგლოტ ბეხისთან ერთად მოგზაურობდა. ლ.ღ.), იქიდან სპარსეთსა და თურქეთში. ჩამოვედით ფინეთიდან, სადაც მთელი წელიწადი დავყავით“. ასე იწყება კნუტ ჰამსუნის ოდისეა. მწერალი აღფრთოვანებულია საქართველოს ბუნების მშვენიერებით „ვუყურებ ყაზბეგს, თავბრუ მეხვევა, თითქოს მოვწყდი მიწას, თითქოს მოვწყდი მიწას, თითქოს გრიგალმა ამიტაცა, წავედი მაღლა-მაღლა და ღმერთის პირისპირ აღმოვჩნდი“; „კავკასია, კავკასია! ტყუილად როდი ჩამოდიოდნენ აქ დიდი პოეტები. რუსი პოეტები ჩამოდიოდნენ შენთან და ეწაფებოდნენ შენს ცხოველმყოფელ წყაროს“. „ჩვენ თბილისს ვუახლოვდებით, გზა მდინარე მტკვრის ნაპირს მიჰყვება, მტკვარი კი დიდებული და ლამაზი მდინარეა“. „ეს ქვეყანა არც ერთ სხვა ქვეყანას არა ჰგავს, რომელსაც მე ვიცნო, და იმ გრძნობით ვარ შეპყრობილი, რომ მთელი სიცოცხლე სიამოვნებით ვიცხოვრებდი აქ“.
ჰამსუნი თბილისში ინკოგნიტოდ ჩამოვიდა და დაბინავდა სასტუმრო „ლონდონში“XX საუკუნის 90-იან წლებში, იგი არც ერთ თბილისელ ინტელიგენტს არ გასცნობია. მისთვის უცნობი დარჩნენ ჩვენი დედაქალაქის ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენელნი. სასტუმრო “ლონდონიდან” დროდადრო გასული მწერალი თბილისის ქუჩებში დახეტიალობდა. “იარმუკა”, “მაედანი”, ორთაჭალის ბაღები, მეჩეთი, ნარიყალა… “ქალაქს ვათვალიერებდით. მეგზურად არც მოლაყბე შვეიცარი წამოგვიყვანია და არც არავინ. ქალაქის ერთმა უბანმა ისე მოგვხიბლა, რომ მრავალჯერ ვეწვიეთ – ეს აზიური უბანია. ტფილისში არის სარკიანი ვიტრინები, კონკები, თეატრი-ვარიეტე, ბატონები და ქალბატონები, ევროპულად ჩაცმულ-დახურულნი, მაგრამ აზიური უბანი სხვა არის, აქაურ ქუჩებს, კაცმა რომ თქვას, ქუჩებს ვერ დაარქმევ: შესახვევი, ჩიხი, კიბე, ესაა და ეს” წერს თბილისის შესახებ ჰამსუნი. ჰამსუნისთვის თბილისი, მასში დასავლური კულტურის ელემენტების არსებობის მიუხედავად მაინც აზიური ქალაქია. მწერალი საუბრობს საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობაზე, წარსულზე, დღევანდელობაზე, ისტორიულ ძეგლებზე, მთაწმინდაზე, მამა დავითის ეკლესიაზე, გრიბოედოვის ძეგლზე … რასაც ლოგიკურად მოსდევს ძალიან საინტერესო თხრობა რუსული ლიტერატურის კლასიკოსებზე: ტურგენევზე, დოსტოევსკიზე, ტოლსტოიზე. ცნობილი ფაქტია რომ ჰამსუნი არ ეპუებოდა დიდი მწერლების ავტორიტეტს და მათ შემოქმედებას „კრიტიკული თვალით“ უყურებდა. „რუსული ლიტერატურა საზოგადოდ უსაზღვრო და მრავალფეროვანია…ტურგენევის გმირები რბილი ხასიათის და მეტად სწორხაზოვანნი არიან, მთლად რუსებივით არ იქცევიან… ტურგენევი დიდი მოაზროვნე არ იყო, მაგრამ მკერდში კეთილი გული უძგერდა… როცა დოსტოევსკი ფილოსოფოსობას იწყებს, როგორც, მაგალითად, „ძმებ კარამაზოვებში“, თავ-გზას გიბნევს, ბევრს ლაპარაკობს და ყველაფერს ერთად ახვავებს. როცა თავის სტილს უბრუნდება, კვლავ შეუდარებელი ხდება…მე დარწმუნებული ვარ, რომ ტოლსტოის ფილოსოფიაზე უსუსური ფილოსოფიის მოძიება, ფრიად ძნელი საქმეა“.
რატომ უნდა წავიკითხოთ ჰამსუნი? პირველი ის ნობელიანტი მწერალია; მეორე – ჩვენს ქვეყანაში იყო და მასზე წიგნები დაწერა და მესამე, კნუტ ჰამსუნმა მისი უკვდავი ნაწარმოებების სახით დაგვიტოვა ფასდაუდებელი საგანძური რომლის არ წაკითხვაც დანაშაულია, ხოლო წაკითხვა სასჯელი.
კნუტ ჰამსუნი და „ზღაპრული ქვეყანა“
Filed under ზოგადი