1981 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ელიას კანეტი დაიბადა 1905 წლის 25 ივლისს ბულგარეთში, ქალაქ რუსეში მდიდარი ებრაელი ვაჭრების ოჯახში. კანეტების ოჯახი საცხოვრებელ ადგილს ხშირად იცვლიდა. ელიასის დედა ლიტერატურისა და თეატრის დიდი მოყვარული ყოფილა. დედა-შვილი საღამოებს კლასიკური დრამების კითხვაში ატარებდა, რაც სულ უფრო აძლიერებდა ახალგაზრდა კანეტის სურვილს – გამხდარიყო მწერალი. ლიტერატურისადმი ტრფიალისა მიუხედავად ელიასმა მის ერთ-ერთ უსაყვარლეს ქალაქ ვენას მიაშურა და ქიმიის შესწავლას შეუდგა. 1929 წელს დისერტაციაც დაიცვა, თუმცა მხატვრული ლიტერატურა და ფილოსოფია ძველებურად იტაცებდა. ელიას კანეტიმ 1934 წელს იქორწინა ვეზა ტაუბნერზე, რომელსაც ელიასის მსგავსად ლიტერატურა ძალიან უყვარდა. ვეზა მეუღლის ლიტერატურული გეგმების აქტიური მხარდამჭერი გახდა. კანეტს ახლო მეგობრობა აკავშირებდა ბერტოლდ ბრეხტთან, ჰერმან ბროხთან, რობერტ მუზილთან. თავის სანობელო სიტყვაში ელიასი ასახელებს იმ ოთხ ადამიანს რომლებმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინეს მწერლის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე – „პირველია კარლ კრაუსი – უდიდესი სატირიკოსი იმათგან, ვინც გერმანულად წერდა. მან მასწავლა მოსმენა, მასწავლა, თავდავიწყებით მეგდო ყური ვენის ხმაურისათვის. რაც უფრო მნიშვნელოვანია, მან შემაძულა ომი… მეორეა ფრანც კაფკა, კაცი, რომელმაც იცოდა, როგორ დაპატარავებულიყო და ამის წყალობით ხელიდან გასხლტომოდა ხელისუფლებას… მესამე და მეოთხე ასეთი ადამიანები ჩემთვის იყვნენ რობერტ მუზილი და ჰერმან ბროხი“. 1971 წელს ელიასმა ცოლად (პირველი მეუღლე ვეზა გარდაიცვალა 1963 წელს) შეირთო ციურიხში მოღვაწე რესტავრატორი ჰერა ბუშორი, რომლისგანაც შეეძინა ერთადერთი შვილი იოჰანა. კანეტი გარდაიცვალა 1994 წელს 89 წლის ასაკში. მწერალი დაკრძალულია ციურიხში. ელიასის მემკვიდრეობა, მისი სურვილის შესაბამისად ციურიხის ცენტრალურ ბიბლიოთეკას დარჩა. ხოლო ჩანაწერების ნაწილი – კანეტის დღიური, წერილების უმეტესობა, მწერლის სურვილით 30 წლის განმავლობაში გაუხსნელად იქნება დაცული და მხოლოდ 2024 წელს ექნება მკითხველს მისი გაცნობის საშუალება.
ელიას კანეტი მრავალი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია: 1966 წელს – ვენის ლიტერატურული პრემია; 1969 წელს – ბავარიის ხელოვნების აკადემიის დიდი ლიტერატურული პრემია; 1972 წელს – ბიუხნერის სახელობის პრემია; 1975 წელს ნელი ზაქსის სახელობის პრემია. ხოლო 1981 წელს ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებით „სამწერლობო შემოქმედებისათვის, რომელიც გამორჩეულია შორსმჭვრეტელობით, მდიდარი იდეებითა და მხატვრული სიძლიერით“ ელიას კანეტს მიენიჭა ნობელის პრემია.
კანეტის კალამს ეკუთვნის რომანი „დაბრმავება“, დრამაები: „ამაოების კომედია“, „ქორწილი“. ავტობიოგრაფიული ხასიათის ტრილოგია „გადარჩენილი ენა. სიჭაბუკის ისტორია“; „ჩირაღდანი ყურში. ცხოვრების ისტორია. 1921-1931“ და „თვალთა თამაში. ცხოვრების ისტორია. 1931-1937“; ანთროპოლოგიური ხასიათის გამოკვლევა „მასა და ძალაუფლება“, წერილები, ესეები, მოგზაურის ჩანაწერები…
გამომცემლობა „ინტელექტმა“ საგამომცემლო პროექტ „ნობელის პრემიის ლაურეატების“ სერიაში გამოსცა ელიას კანეტის „მარაკეშის ხმები“, „ჩანაწერები 1973-1985“ და სანობელო სიტყვა.
1954 წელს ელიას კანეტი სამი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა მაროკოს ულამაზეს ქალაქ მარაკეშში. ქალაქში განცდილი და ნანახი კანეტმა 12 პატარა დამოუკიდებელ მოთხრობად აქცია, სადაც ძალიან საინტერესოდ და ხატოვნად მოთხრობილია აფრიკული კულტურის, ყოველდღიური ყოფის, კულტურათა შორის სხვაობის, ადამიანთა სიხარულისა და ტკივილის… შესახებ.
კანეტის ლიტერატურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მწერლის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებულ ჩანაწერებს უკავია. ჩანაწერები პრაქტიკულად ყველა სფეროსა თუ საკითხს მოიცავს. იქნება ეს, კულტურა, ფილოსოფია, რელიგია, ფსიქოლოგია, სიკვდილი, მორალი და ა.შ.
– რატომ უჯანყდები იმ წარმოდგენას, რომ სიკვდილი უკვე არსებობს ცოცხლებში? განა ის შენში არ არის?
ის არის ჩემშიც, რადგან მე ვებრძვი მას. სწორედ ამიტომ, და არა სხვა მიზეზით, არის ის ჩემთან.
– ადვილი შესაძლებელია, რომ ღმერთი კი არ თვლემდეს, არამედ იმალებოდეს ჩვენი შიშით.
– ის ფიქრობდა, რომ ძალიან ჭკვიანი იყო, რადგან ყოველდღე იცვლიდა აზრებს.
– ვიღაცას სურს მთელი ისტორიიდან ბერძნების ამოღება. ხელში გვრჩება გაუგებარი სიტყვები და აზრები.
– შეგიძლია შენს წარსულ ცხოვრებას დაუსჯელად შეეხო?
– ვეშაპი გადაჭედილია მორწმუნეებით.
– მავანი გაივლის ცხოვრებას ისე, რომ არსად წააწერს საკუთარ სახელს.
– სიტყვაში „არა“ თავმოყრილია საოცარი ძალა, და მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ მისითაც შეიძლებოდა ცხოვრება.
გამოყენებული ლიტერატურა: ელიას კანეტი, „მარაკეშის ხმები“, მოგზაურობისშემდგომი ჩანაწერები. გერმანულიდან თარგმნეს ეკატერინე რაისნერმა და ნატალია ნადირაშვილმა. გამომცემლობა ინტელექტი 2012 წ.