დოლენჯაშვილი თეონა იუკიო მისიმა – ნიღბის აღსარება

ნაწარმოებების წერას ყოველთვის ასე იწყებდა: სუფთა ფურცელზე ჯერ უკანასკნელი წინადადება გამოჰყავდა და მხოლოდ შემდეგ წერდა სხვა დანარჩენს. ასევე შექმნა საკუთარი ცხოვრებაც, რომელიც ადრეული წლებიდანვე მიზანმიმართულად წარმართა დასასრულისკენ. ამასვე მოწმობდა მისი ლიტერატურული ფსევდონიმიც: იუკიო მისიმა – სიკვდილით შეპყრობილი…
ამიტომ ყველა, ვინც კი მისიმას ახსენებს, პირველ რიგში, სწორედ მისი აღსასრული – 1970 წლის 25 ნოემბრის ტრაგიკული დღე ახსენდება, როდესაც მწერალი და მისი თანამებრძოლები ტოკიოს ეროვნული თავდაცვის შტაბ-ბინაში შეიჭრნენ.

ამბოხის წაუმატებელ მცდელობას სასტიკი და სისხლიანი წარმოდგენა მოყვა და მწერალმა ჭეშმარიტი სამურაების ტრადიციის მიხედვით ხარაკირი გაიკეთა.

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და ქარიზმატული იაპონელი მწერალი იუკიო მისიმა უმჯობესია ცალკეულ რომანებად და ნაწარმოებებად კი არა, ერთბაშად, სრულად, მის ცხოვრებასთან ერთად წაიკითხოთ. ეს არის ერთი დიდი რომანი – მეტარომანი…

ხირაოკა კიმიტაკე 1925 წელს დაიბადა. წერა ადრეულ ასაკში დაიწყო და თავისი პირველი რომანტიული ნაწარმოები “აყვავებული ტყე” იუკიო მისიმას ფსევდონიმით 16 წლის ასაკში გამოაქვეყნა. მეორე რომანმა “ნიღბის აღსარება” მისიმას ელვისებური აღიარება მოუტანა. “ყველა ამბობს, რომ ცხოვრება _ სცენაა. მაგრამ ადამიანთა უმრავლესობისთვის ის არ იქცევა უმთავრეს იდეად, და თუ იქცევა, არა ასეთ ადრეულ ასაკში.

როდესაც ჩემი ბავშვობა დასრულდა, მე სრულიად დარწმუნებული გახლდით ამ ჭეშმარიტების ერთადერთობაში და მზად ვიყავი შემესრულებინა ჩემთვის განკუთვნილი როლი, რომელიც სრულიად ფარავდა ჩემს ნამდვილ არსს”, – ეს არის სიტყვები ზედმიწევნით ავტობიოგრაფიული რომანიდან “ნიღბის აღსარება” და ის თვითნაბადი ესთეტისა და მისტიფიკატორის იუკიო მისიმას ცხოვრების ერთგვარ გასაღებს გვაძლევს. ამ რომანის წყალობით ჩვენ ვიცით როგორი იყო წყნარი და საკუთარ თავში ჩაკეტილი ბიჭის სამყარო, რომლის უცნაურ ფანტაზიებშიც მუდმივად ფიგურირებდა ტკივილი, სისხლი და სიკვდილი. “საოცარ სიამოვნებას მანიჭებს იმის წარმოდგენა, რომ თითქოს ბრძოლაში ვიღუპები, ანდა მკვლელების მსხვერპლი ვხდები. ვიწვი ალისფერი სისხლის ხილვის სურვილით. ვიღაც წერს სიყვარულზე, რადგან ქალებში წარმატება არ აქვს, მე კი ვწერ რომანებს იმისთვის, რომ სასიკვდილო განაჩენი არ გამომიტანონ,”- წერდა 24 წლის მისიმა და უშედეგოდ ცდილობდა საკუთარი სული შიგ ჩასახლებული სიკვდილის დემონისგან გაენთავისუფლებინა.
27 წლის ასაკში მისიმას მოეჩვენა, რომ ეს მოახერხა და მის ბნელ, პირქუშ და კოშმარულ სამყაროში სინათლის სხივი შეიჭრა. 1952 წელს მისიმა პირველად მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო და საბერძნეთში ხვდება.

ბერძნულმა მითებმა, ანტიკურმა ღმერთებმა და ტიტანებმა მის სულში ნამდვილი გადატრიალება მოახდინა. მისიმა აღმოაჩენს, რომ მისთვის აქამდე მიუწვდომელი და უტოპიური თეორია სილამაზის უკვდავების შესახებ შესაძლოა სრულიად რეალური და განხორციელებადი აღმოჩნდეს და წერს რომანს “ტალღების ხმაური”. არასდროს მისიმას არ უწერია ასე სადად, ლაღად და პოეტურად ჯანსაღ, ადამიანურ გრძნობებზე, სინათლეზე, სიყვარულზე. მისიმას გმირები სრულ ჰარმონიაში არიან ზღვასთან, მზესთან, გარემომცველ სამყაროსთან..
შესაბამისად, მწერალი ახალმა იდეამ, ახალმა როლმა გაიტაცა. გადაწყვიტა შეექმნა ხელოვნების მშვენიერი ნაწარმოები და მშვენიერი გამხდარიყო თავადაც. პრინციპით “ან უნდა იყო ხელოვნების ნაწარმოები, ან უნდა გამოიყურებოდე, როგორც ხელოვნების ნაწარმოები” (ოსკარ უაილდი), მისიმა საკუთარი სხეულის სრულყოფას შეუდგა. ცურვის, კულტურიზმისა და განუწყვეტელი ფიზიკური ვარჯიშის წყალობით იუკიომ საკუთარი სუსტი და ავადმყოფური სხეულისგან სრულყოფილი ათლეტი –ხელოვნების ახალი ნაწარმოები გამოძერწა.
მაგრამ მასში სიკვდილის დემონმა მხოლოდ დროებით მიიძინა.

ბერძნულმა ეიფორიამ მალე გაიარა და მწერალმა იგრძნო, რომ ილუზიის მსხვერპლი აღმოჩნდა, რომ მშვენიერება უდაბნოს ქვიშასავით გაეპარა ხელიდან, რომ სილამაზისა და ყოველდღიურობის თანაარსებობა წარმოუდგენელია, და იუკიო მისიმა ახალ ესთეტიკურ მანიფესტს ქმნის. 1956 წელს დაწერილი “ოქროს ტაძარი” არა მხოლოდ მწერლის შედევრად, არამედ იაპონური და მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად მიიჩნევა. ბუდისტური ეკლესიის შეშლილმა მსმენელმა კიოტოს უძველესი არქიტექტურული ძეგლი – კინკაკუძის ტაძარი დაწვა. მისიმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ აღსასრული მშვენიერებას კიდევ უფრო სრულყოფილს ხდის, ამ ფაქტმა შეძრა. სწორედ აქედან დაიბადა “ოქროს ტაძრის” შექმნის იდეა. რომანში სწორედ ეს კონფლიქტია ასახული, კონფლიქტი მარადიულსა და წარმავალს, დიადსა და მცირეს შორის. ეს არის ადამიანის მცდელობა იარსებოს სილამაზის გარეშე, გაანადგუროს, მოაშთოს, დაცალოს სამყარო წარმტაცისგან.

მისიმა საკუთარ გმირს ამ ამოცანის შესრულებას უადვილებს და მშვენიერებას ერთ კონკრეტულ ობიექტში ასხეულებს, აქცევს რა იდეალს საგნად. მხოლოდ სიკვდილის, ნგრევის იარაღით – ტაძრის გადაწვითა და გაცამტვერებით აღწევს რომანის გმირი მიძოგუტი მიზანს. მხოლოდ ამ გზით უახლოვდება, ეზიარება და ეუფლება სილამაზეს. “ნეტარ თრობას მანიჭებდა აზრი, რომ ერთ პატარა ნაპერწკალს, ალს შეეძლო ორივე გავენადგურებინეთ. ამ ტრაგიკული ცეცხლოვანი ბედისწერის ქვეშ ყოფნა საშუალებას მაძლევდა ტაძრისგან განუყოფლად, მის გვერდით, ერთ განზომილებაში მეარსება.”

მწერალი საკუთარ ნაწარმოებებში ყველაფერს სიკვდილის მსახვრალ ხელს უმორჩილებს. ნოველაში, სადაც მიშიმა ახალგაზრდა, ლამაზი წყვილის ერთობლივ თვითმკვლელობაზე მოგვითხრობს, სილამაზესთან ერთად სიყვარულსაც ასამარებს. მწერალი ჯერ ქალ-ვაჟის ვნებიანი სიყვარულის აქტს, ხოლო შემდეგ იაპონური სინძიუს – შეყვარებულ წყვილთა ორმაგი თვითმკვლელობის აქტს აღწერს, საბედისწერო ჯაჭვს კრავს და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მასთან ეროტიკა მჭიდროდაა გადაჯაჭვული ტკივილთან, სისხლთან, სიკვდილთან.

დღემდე საკამათოა მისიმას სექსუალური ორიენტაციის საკითხი. ქალი მისიმას შემოქმედებაში საოცრად სასურველი, მაგრამ მუდმივად ხელიდან გამსხლტარი რეალობის და მიუწვდომელი სილამაზის სიმბოლოა. ფიზიკური სიყვარული კი სევდიანი და უშედეგო მცდელობა ერთმანეთს შეუთავსოს მარადიული ტკბობისა და მოკვდავი ხორცის დაამების უბადრუკი აქტი.

ამგვარად, იაპონელი მწერლის ცხოვრების მკვლევართა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მისიმა ქალებს გაურბოდა, მეორე ნაწილის აზრით კი ჰომოსექსუალისტური მოტივები წამყვანი მწერლის შემოქმედების მხოლოდ ადრეული პერიოდის ნაწარმოებებში გვხვდება, შემდგომში კი მან სრულებით შეცვალა ცხოვრების წესი. ასეა თუ ისე, მისიმა ერთნაირი წარმატებით სარგებლობდა ქალებშიც და მამაკაცებშიც და ის პირად ცხოვრებაშიც ისევე ოსტატურად ახერხებდა თამაშს, როგორც შემოქმედებაში, სადაც ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული უძველესი იაპონური ტრადიციები და ევროპული დეკადანსი.
“ოქროს ტაძრის” შემდეგ მისიმა ქმნის რომანებს “კიოკოს სახლი” და “სიკვდილი ზაფხულის შუაგულში”. ამ ნაწარმოებებში მწვერვალს აღწევს სიცივის, ნიჰილიზმის, მორალური ინდიფერენტიზმის და გამოფიტვა- გაუცხოების მოტივები.

რამდენიმე წლის შემდეგ კი მისიმა თითქოს სრულიად იცვლის მწერლურ და ცხოვრებისეულ პოზიციებს, წერს თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მოთხრობას ”პატრიოტიზმი” და მონარქისტული იდეებით შეპყრობილი “ფარის საზოგადოებას” აარსებს.
ამავდროულად, იუკიო მისიმა საკუთარი როლების განსახიერებას უკვე რეალურ სცენაზე იწყებს. მისიმას თეატრი ეს არის განუმეორებელი, მაგიური შერწყმა ტრადიციულ, კლასიკურ ფორმებთან და მაშოკირებელ სიუჟეტებთან. მის პიესებში ყოველთვის ჭარბობს ეპატაჟური, პროვოკაციული ელემენტები.
მისიმას ყოველი ნაწარმოები ადამიანის სულის მდგომარეობის კვლევაა. პიესები “ჩემი მეგობარი ჰიტლერი” და “მადამ დე სადი” მისიმას ბოლო ესთეტიკური გასართობია. მის უკანასკნელ, საოცრად შთამბეჭდავ და წინააღმდეგობრივ ტეტრალოგიაში “სიჭარბის მორევი” კი კვლავ დომინირებს მწერლის “საფირმო” თემები – სილამაზე, ტანჯვა, ნიჰილიზმი.

თუ რამდენად ბევრს ნიშნავდა მისიმასთვის ეს ნაწარმოები, ისიც მოწმობს, რომ მწერალმა 25 ნოემბრის დღეს ერთდროულად დაუსვა წერტილი ტეტრალოგიასა და საკუთარ სიცოცხლეს..

იუკიო მისიმამ, რომელმაც 45 წლის ასაკში საოცრად ბევრი მოასწრო, დაწერა ორმოცი რომანი, თვრამეტი პიესა, ათობით მოთხრობების და ესეების კრებული, იყო კინოსა და თეატრის რეჟისორი, მსახიობი, სპორტსმენი, სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი, მფრინავი, მოგზაური და ფოტოხელოვანი, სიკვდილის ეფექტური წარმოდგენის წინ მრავალრიცხოვანი ნიღბების კოლექციიდან უკანასკნელი ამოირჩია და ავანსცენაზე როგორც შუასაკუნეების რაინდი, სამურაი და პატრიოტი გამოვიდა.
მოქმედება კი ასე განვითარდა: მისიმა ოთხ ახალგაზრდა თანამებრძოლთან ერთად ტოკიოს სამხედრო ბაზაზე შეიჭრა. ტერორისტებმა ბაზის ბარიკადირება და გენერლის მძევლად აყვანა მოახერხეს, რის შემდეგაც მწერალმა შენობის აივნიდან მიმართა გარნიზონის ოფიცრებს და კონსტიტუციის დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. შემდეგ ოთახში შებრუნდა და სამურაების ტრადიციის მიხედვით, საკუთარი სისხლით ლექსის წერას შეუდგა. შემდეგ გადამწყვეტი წამები დადგა. მან დაშნა ამოიღო, მთელი ძალით ჩაიცა სხეულში და მუცელი გამოიფატრა. რიტუალის თანახმად სეკუნდანტს თვითმკვლელისთვის ხმლით თავი უნდა მოეკვეთა.

25 წლის სტუდენტმა მორიტამ მასწავლებელს თავი მოკვეთა და რამდენიმე წუთის შემდეგ თავადაც გამოესალმა სიცოცხლეს.
მისიმასა და მისი თანამებრძოლის, მორიტას ორმაგი თვითმკვლელობა ერთგვარ ესთეტიკურ არტიფაქტად, თეატრალურ ფარსად და მწერლის უკანასკნელ ნაწარმოებად იქცა. მისიმა შეეცადა ერთმანეთთან შეერწყა ხელოვნება, როგორც აბსოლუტური ძალაუფლება და სიკვდილი, როგორც უკიდურესი ზღვარი, და ამგვარად შეექმნა ხმლისა და კალმის ჰარმონია.

მაგრამ მისიმა მხოლოდ “სიკვდილის ესთეტიკის” შემქმნელი არ იყო. მიშიმას, როგორც ხელოვანის ფენომენი ალბათ არ შედგებოდა, რომ არა მისი ბავშვური აღტაცება სიკვდილით ასეთ მაღალმხატვრულ გამომსახველობასა და ღრმა მეტაფიზიკურ ანალიზს არ დაქვემდებარებოდა. მისიმა არასდროს გამოსულა გამოსულა კაფკიანური წრიდან და ბოლომდე ერთგული დარჩა თეზისისა: “წერო, რათა მოკვდე. მოკვდე, რათა წერო.”

ჟურნალი „ფოკუსი“

დატოვე კომენტარი

Filed under ზოგადი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s