საჭიროა თუ არა ქრისტიანი ერკვეოდეს, უფრო მეტიც საფუძვლიანად იცოდეს ანტიკური და არა მხოლოდ ანტიკური ლიტერატურა და ფილოსოფია!?

წერილში ვისაუბრებთ დიდი ქრისტიანი ღვთისმეტყველის ბასილი დიდის ნაშრომზე – “ახალგაზრდებს იმის თაობაზე, როგორ მიიღონ სარგებლობა წარმართული მწერლობიდან”. სანამ უშუალოდ შევეხებოდეთ ბასილი დიდის სწავლებას ანტიკურ მწერლობაზე, უპრიანია გავეცნოთ საეკლესიო მწერლის ცხოვრების ძირითად მომენტებს, რომლებიც მის სწავლა-განათლებასთან იქნება დაკავშირებული.
ღირსი მამა ბასილი დიდი დაახლოებით 330 წელს დაიბადა კაბადოკიის დედაქალაქ კესარიაში. პირველდაწყებითი განათლება მამის ხელმძღვანელობით მიიღო, შემდეგ კი საუკეთესო მასწავლებლებთან სწავლობდა კაბადოკიის კესარიაში. წმიდანმა აქ ყველა აღტაცებაში მოიყვანა. გრიგოლ ნაზიანზელი წერდა: „რიტორი იყო რიტორთა შორის უწინარეს საფილოსოფოსოჲსა სწავლისა. და, უზეშთაესიცა ვთქუ, მღვდელ იყო ქრისტიანეთაჲ”. კესარიიდან ბასილი ეწვია კონსტანტინეპოლს და რიტორიკას სწავლობდა ცნობილ ლიბანიოსთან. თავისი განათლება მომავალმა ეპისკოპოსმა გააგრძელა ტრადიციული ფილოსოფიური სკოლებით მდიდარ ქალაქ ათენში. ათენში ღირსი ბასილი დაუმეგობრდა გრიგოლ ღვთისმეტყველს. მათმა მეგობრობამ მთელი ცხოვრების მანძილზე გასტანა. ოცდახუთი წლის ასაკში გახდა ადვოკატი და რიტორიკის მასწავლებელი, მაგრამ მალე ღვთის სიყვარულით აღსავსე განერიდა ამსოფლიურ საზრუნავებს და მონაზვნური ცხოვრების გზას დაადგა.
როცა იმპერიის ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა. მოსალოდნელი დიდი ბრძოლის წინ ეპისკოპოს ევსევის თხოვნით, ბასილი სასწრაფოდ დაბრუნდა კესარიაში. ამ დროიდან მოყოლებული, ეკლესიის მართვა-გამგეობა ფაქტიურად ბასილი დიდის ხელში გადავიდა. იგი ყოველდღიურად წარმოთქვამდა ქადაგებებს, ხშირად დღეში ორჯერ – დილასა და საღამოს. ამ ხანებში შექმნა მან საღვთო ლიტურღიის ტიპიკონი, აგრეთვე საუბრები „ექუსთა დღეთათვის”, ისაიას წინასწარმეტყველების 16 თავის და ფსალმუნების განმარტებები, მონაზვნური ცხოვრების წესების მეორე კრებული – „ასკეტიკონი” (ეფრემ მცირის თარგმანით – „სამოღვაწეო წიგნი”) და 3 წიგნი არიანელი მოძღვრის ევნომიურსის წინააღმდეგ .
379 წლის 1 იანვარს 49 წლის ღირსი მამა გარდაიცვალა. ეკლესიის ეს უდიდესი მამა მიცვალებისთანავე წმიდანად შერაცხეს.
ბასილი დიდის ლიტერატურული მემკვიდრეობის უდიდესი ნაწილი დიდი ქართველი მთარგმნელების მიერ თარგმნილია ქართულ ენაზე.
თქვენც, მეც ხშირად მოგვისმენია ქრისტიანს რად უნდა არაქრისტიანული ლიტერატურის სწავლა-წაკითხვა. შწორედ ამ თემას ეხება მეოთხე საუკუნის საეკლესიო მწერლის ეს ნაშრომი. სადაც ნათლადაა ნათქვამი და სწავლების სახით გადმოცემული თუ, რატომ უნდა წაიკითხონ ქრისტიანებმა წარმართი ავტორები. ეკლესიის სწავლების კვალად ბასილი დიდი არ უარყოფს ანტიკური ლიტერატურის მნიშვნელობას და მასში კეთილი მარცვლების არსებობას: “ნუ გაიკვირვებთ, თუკი თქვენ, რომელნიც მასწავლებელთან ყოველ დღე დადიხართ და ურთიერთობას ძველი დროის გამოჩენილ კაცებთან მათ მიერ დატოვებულ თხზულებათა მეშვეობით ამყარებთ, გეტყვით, რომ, ჩემი მხრივ, მათთან რაღაც უფრო სასარგებლო ვიპოვე. სწორედ ამის შესახებ მინდა გირჩიოთ: სახელდობრ, საჭირო არაა საჭე თქვენი აზროვნებისა, ვითარცა ხომალდისა, ერთხელ და სამუდამოდ ამ კაცებს გადასცეთ და საითკენაც არ უნდა წაგიყვანოთ, გაჰყვეთ; არამედ, მიიღებთ რა მათგან იმას, რაც სასარგებლოა, ისიც უნდა იცოდეთ, რა უგულებელყოთ, ხოლო რა არის ეს სასარგებლო და რა უგულებელსაყოფი”. გარეშე სწავლულების შესწავლის აუცილებლობაზე საუბრის შემდეგ ეკლესიის მოძღვარი აყალიბებს კრიტერიუმს იმის შესახებ, თუ რა არის სასარგებლო და რა განსაგდები და სად გადის ზღვარი მათ შორის. წმ. ბასილის სწავლებით მისაღებია ის, რაც შეეწევა ქრისტიანს სხვა ცხოვრებისათვის მზადებაში: “არც სახელგანთქმულობა წინაპრებისა, არც სიძლიერე, სილამაზე და სიდიდე სხეულისა, არც პატივის მოხვეჭა ყოველთა კაცთაგან, არც ეს სამეფო და არც კიდევ სხვა რამ, რასაც კაცობრივ საქმედ იტყვიან, არა თუ დიდად, არამედ სასურველობის ღირსადაც კი არ მიგვაჩნია და მზერას იმათ კი არ ვაპყრობთ, რომელთაც ეს ყოველივე აქვთ, არამედ სასოებას უფრო შორეულზე ვამყარებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა სხვა ცხოვრებისათვის მოვემზადოთ. ამიტომაც ვამბობთ, რომ ის უნდა შევიყვაროთ, რაც ამაში შეგვეწევა და ყოველი ღონით მას უნდა მივსდიოთ, ხოლო ის, რაც ამისთვის არ გამოგვადგება, ვითარცა სრულიად უფასური, უგულებელვყოთ”.
კაბადოკიელი ღვთისმეტყველი ასევე საუბრობს იმაზე თუ რა მნიშვნელობა აქვს ანტიკურ მწერლობას ქრისტიანული მოძღვრების შესწავლით დაინტერესებული ახალგაზრდებისათვის. ბასილის თქმით სანამ ახალგაზრდები წმინდა წერილის ღრმად წვდომას შეძლებენ, უმჯობესია სულიერი თვალის საწვრთნელად თუ წარმართ ავტორებს გაეცნობიან: “ამ ცხოვრებისაკენ, რაღა თქმა უნდა ჩვენ წმინდა წერილს მივყავართ, რომელიც საიდუმლოთა საშუალებით გვზრდის; მაგრამ, ვიდრე ასაკის გამო, მისი ღრმა აზრის წვდომას შევძლებდეთ, გარკვეული დროის განმავლობაში სულიერ თვალს წინასწარ, ვითარცა აჩრდილებითა და სარკეებით, მათგან არც თუ ძალიან დაშორებული თხზულებებითაც ვწვრთნით, ვბაძავთ რა ამ დროს სამხედრო წყობაში დახელოვნებისათვის მოვარჯიშეებს. ისინი ხელებისა და ფეხების მოქნილი მოძრაობით გამოცდილებას იძენენ და ამ სპორტული თამაშისაგან მიღებულ სარგებელს ნამდვილ ბრძოლებში იყენებენ”; “უმჯობესი იქნება პოეტების თხზულებებიდან ის ადგილები შევიწყნაროთ, სადაც მათ სათნოება შეაქეს ან ბოროტება გაკიცხეს. რადგან, ვითარცა ყველა სხვა დანარჩენი ყვავილების მხოლოდ სურნელებითა და ფერადოვნებით ტკბება, ხოლო ფუტკრებს მათგან თაფლის მიღებაც ხელეწიფებათ, ასევე ამ შემთხვევაშიც, ვინც ამ თხზულებებში არა მხოლოდ ტკბობისა და სიამოვნების მიღებას გამოედევნება, მათგან რამდენადმე სულისთვის სასარგებლოსაც დაიუნჯებს. ამიტომ, ყოველმხრივ უნდა დავემსგავსოთ რა ფუტკრებს, ეს თხზულებებიც უნდა შევისწავლოთ. არც ფუტკარი მიეახლება ხომ თანაბრად ყველა ყვავილს, და იმათგანაც, რომლებზეც ჯდება, ყოველივეს წაღებას კი არ ცდილობს, არამედ იმას იღებს, რაც საქმისათვის გამოადგება, ხოლო დანარჩენს ხელუხლებლად ტოვებს. ასევე ჩვენც, უკეთუ კეთილგონიერები ვართ, ამოვკრებთ რა ამ თხზულებებიდან იმას, რაც ჩვენთვის დამახასიათებელია და ჭეშმარიტად გვენათესავება, დანარჩენს გვერდს ვუვლით. ვითარცა ვარდის ბუჩქიდან ყვავილის მოწყვეტისას ეკლებს თავს ვარიდებთ, ასევე ამ თხზულებებიდანაც იმას, რაც სასარგებლოა ვიძენთ, ხოლო ვნების მომტანისაგან თავს ვიცავთ. ამიტომ ყოველი მეცნიერება თავიდანვე უნდა განვიხილოთ და დორიული ანდაზის მიხედვით – ქვა გავუსწირით თოკს, ჩვენი მიზნის შესაბამისად გამოვიყენოთ”.
ბასილი დიდი საეკლესიო მწერალთა შორის გამორჩეულია იმითაც, რომ ძალიან ღრმად იყო განსწავლული ანტიკური მწერლობაში. ამის ნათელი დადასტურებაა განხილულ ნაშრომში წმ. ბასილი დიდის მიერ მოხმობილი ციტატები ანტიკური მწერლობის ნიმუშებიდან. ბასილიასახელებს ისეთ ცნობილ ავტორებს, როგორებიც არიან: ჰესიოდე, ბერძენი ეპოსის პოეტი (VIII-VII ს. ძვ. წ.), ჰომეროსი, სოლონი, ათენელი პოეტი (VII-VI ძვ. წ.); თეოგნიდე, მეგარელი პოეტი (VI ს. Vს.); სოფისტი პროდიკე კეოსელი; ევრიპიდე; პლატონი; პლუტარქე; ევკლიდე; რომაელი მწერალი ავლუს გელიუსი; კლინიასი პითაგორას მოწაფე; დიოგენე; არქილოქე და სხვები.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ყოველი ქრისტიანის მოვალეობაა გულისხმიერად შეისწავლოს და სარგებელი ჰპოვოს ანტიკური მწერლობის საუკეთესო ნიმუშებში.
მათთვის, ვისაც ჩემ მიერ განხილული ბასილი დიდის ნაშრომის წაკითხვა სურს. http://library.church.ge/index.php?option=com_content&id=453%3A2011-11-03-19-21-59&catid=42%3A2010-01-18-18-08-42&Itemid=60&lang=en

ავტორი: გლეხი ზუბელი

დატოვე კომენტარი

Filed under ზოგადი, ლიტერატურა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s