„ყველა საზოგადოებას სუსტი ადგილები, მოუშუშებელი ჭრილობები აქვს. იპოვეთ ეს ჭრილობები და ფეხი ზედ მაგრად დააჭირეთ“ წერს თანამედროვეობის, ალბათ ყველაზე სკანდალური მწერალი მიშელ უელბეკი, რომლის კალამს ეკუთვნის ისეთი ცნობილი რომანები, როგორიცაა: პლატფორმა, რუკა და ტერიტორია, ბრძოლის ველის განვრცობა, ელემენტარული ნაწილაკები.
მიშელ უელბეკი რომან „პლატფორმაში“ სულიერი ღირებულებებისგან დაცლილი ადამიანის (ადამიანების) ცხოვრებაზე მოგვითხრობს. დასავლელი ადამიანის სულის კრიზისზე თავის დროზე წერდნენ ნიკოლაი ბერდიაევი (ადამიანის ბედი თანამედროვე სამყაროში), პოლ ვალერი (სულის კრიზისი), ოსვალდ შპენგლერი (ევროპის დაისი), მაქს ფრიში (ჰომო ფაბერი) და სხვები. უელბეკი ევროპელი ადამიანის ტრაგედიის მიზეზს უსიყვარულობაში ხედავს. წიგნის მთარგმნელი ირმა ტაველიძე ამბობს, რომ: “წიგნი მნიშვნელოვანი იქნება ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს არის ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რომანი, ჩემი აზრით და ვფიქრობ ასევე ყველაზე კარგი წიგნი, რაც უელბეკს დაუწერია. საინტერესოა, რადგან ძალიან პირდაპირი და გულწრფელი წიგნია, ავტორი ძალიან კარგად გრძნობს საზოგადოების განწყობას და იმას, თუ რა იქნება აქტუალური, რაზე წამოეგება საზოგადოება”.
ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი მიშელი, რომელიც საფრანგეთის კულტურის სამინისტროს თანამშრომელია (სიმბოლურია რომ სწორედ კულტურის სამინისტროს წარმომადგენელია სულის კრიზისით „შეპყრობილი“) ამავდროულად მთხრობელიცაა. მიშელს მამისგან საკმაოდ დიდი მემკვიდრეობა ერგო, რაც მას უზრუნველად ცხოვრების საშუალებას აძლევს. მაგრამ მიშელს რაღაც აკლია, რომლის ნაკლებობაც სულს უშფოთებს და მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევს. „ჩვენ იმ საზოგადოებაში ვცხოვრობდით, რომელშიც სამსახური უმთავრესად ხელფასის, უფრო ზოგადად, მატერიალური სარგებლის გამო აინტერესებდათ, პრესტიჟი და პროფესიული განვითარება კი ბევრად უკან იდგა“. მიშელი „დეფიციტის“ შევსებას ხორციელი ვნებების მორევში გადაშვებით ცდილობს. მიშელი ცხოვრების რუტინისგან განტვირთვის მიზნით ტაილანდში დასასვენებლად მიემგზავრება, სადაც გაიცნობს მომხიბლავ ვალერის, რომელიც მის ცხოვრებას მნიშვნელოვნად ცვლის – იპოვის იმას რასაც განვლილ ცხოვრებაში ქვეცნობიერად ეძებდა.
მიშელთან და ვალერისთან ერთად საინტერესო პერსონაჟია ტურისტული კომპანიის მენეჯერი ჟან ივი, რომელიც თითქოს ყველაფრით უზრუნველყოფილია – მეუღლე, შვილები, მაღალი ანაზღაურება, პრესტიჟული სამსახური. მაგრამ მიშელის მსგავსად მასაც აკლია რაღაც და ეს რაღაც არის სიყვარული. მეუღლესთან მისი კავშირი ფორმალურია, ოჯახი პრაქტიკულად დანგრევის პირასაა, დრო არ რჩებათ ადამიანური ცხოვრებისთვის – „სამივენი (ვალერი, მიშელი და ივი) სოციალურ სისტემაში სამუდამოდ ჩაკირულები აღმოვჩნდით, როგორც მწერები ქარვის ნატეხში. უკან დასაბრუნებელი ყველა გზა მოჭრილი გვქონდა“.
მიშელის ინიციატივამ, აღმოსავლეთის ქვეყნებში მოეწყოთ „სექსტურიზმის“ ტურები ვალერისა და ჟან ივის მოწონება დაიმსახურა. სექსტურების განხორციელებას ადგილობრივი მუსულმანი მოსახლეობის მწვავე რეაქცია მოჰყვა – რომელიც გამოიხატა ტერორისტულ აქტში, რასაც ვალერის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ვალერის სიკვდილის შემდეგ მიშელისათვის ცხოვრებამ აზრი დაკარგა, სიცოცხლე გაუსაძლისი გახდა. მიშელი კულტურის სამინისტროში მუშაობას წყვეტს და ტაილანდში გადადის საცხოვრებლად. მიშელის ტრაგედია და შესაბამისად – ზოგადად, დასავლელი ადამიანისა ნათლად ჩანს შემდეგ სიტყვებში: “როცა სიყვარული მთავრდება, ცხოვრება რაღაცნაირად პირობითი და ნაძალადევი ხდება. ადამიანის იერსახესა და საქციელს ინარჩუნებ, მაგრამ მხოლოდ გარეგნულად. გული, როგორც იტყვიან, სამუდამოდ მკვდარია…“; „ეს (სიყვარული) იდუმალებით მოცული მოვლენაა. ის ბედნიერებას, სისადავესა და სიხარულს იტევს, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცი, როგორ და რატომ ხდება ეს. და თუ სიყვარული ვერ გავიგე, რა აზრი აქვს სხვა დანარჩენის გაგებას?.
უელბეკმა „პლატფორმით“, პრაქტიკულად სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვა თანამედროვე ევროპას, რომელიც მატერიალური კეთილდღეობის კულტს სცემს თაყვანს: “ბოლომდე ევროპის შვილად – შფოთვისა და სირცხვილის ნაშიერად დავრჩები. საიმედოს ვერაფერს ვიტყვი. დასავლეთის მიმართ სიძულვილს არ განვიცდი, უბრალოდ, უზარმაზარ ზიზღს ვგრძნობ. ერთი კი ვიცი: ისეთები, როგორებიც ვართ, ეგოიზმის, მაზოხიზმისა და სიკვდილის სუნით ვყარვართ. ჩვენ ისეთი სისტემა შევქმენით, რომელში ცხოვრებაც, უბრალოდ, შეუძლებელი გახდა. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს სხვა ნაწილებში მის ექსპორტს მაინც ჯიუტად ვაგრძელებთ”.
„პლატფორმა“ -წიგნი, რომლის კითხვასაც მკითხველთა დიდი ნაწილი მყისიერად წყვეტს
Filed under ლიტერატურა, წერილები